მთის კილოთა ლექსიკონი

There are 551 names in this directory beginning with the letter მ.
მა(მ)-მამის კაცები
ჴ. უხუცესები გვარში.

მაგამა
თ. ნ. ეგ.

მაგანძური
ნ. მერიგე, მორიგე, ჴელოსანი.

მაგება
ნ. მოგება.

მაგთვენი
ჴ. მაგოდენი.

მაგლა
ჴ. მოგლა, მაგლილი მოგლილი, მოთელილი, რომელზედაც ფეხებით შედგნენ (ჴ. მას.).

მაგულება
ჴ. მავიგულებთ სთველს სთველს მოვრჩებით, ჭირნახულს მოვზიდავთ შინ (ჴ. მას.).

მავალი
თ. სურავანდი (უმთავრესად კბილებისა და ღრძილების ავადმყოფობაა).

მავანი
გუდ., მთ., თ., ფლანი ფშ. (არაბ. ) ესა და ეს, მთქმელისთვის ნაცნობი, მაგრამ დაუსახელებელი (კაცზე, ცხოველზე, უსულო საგანზე). ფლანი კაცი ვნახე, ფლანი და ფლანი კაცი ვნახე.

მავნე
გუდ., მთ., თ. ფშ., მანე ჴ., მონე მოჴ. მაცდური, ეშმაკი, მავნებელი, ზიანის მიმყენებელი. „მაუშარებს რასმე კაცი კაცსა“ (გუდ.).

მაზანდა
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ფასი ბაზარზე.

მაზეგ
თ. ნ. უმზეგ.

მაზვერი
ჴ., მოჴ. მოზვერი. ჯიჴვ-მაზვერი ჴ. ახალგაზრდა მამალი ჯიხვი. ნ. დასაკოდი ცხოველები.

მაზომვა
მაუზომა გუდ., ჴ. დაუღირა (არ დაჰკრა).

მათარა
1) მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. თხუსის ტყავისაგან გაკეთებული წყლის ჭურჭელი. ჴევში მეშისას აკეთებენ. „მათარაიმც გამიჴადა მზეინარის ბარკლისაო“ (ფშ.).

მათარა
(2) მოჴ. საწყაო სპილენძისა (ასე ფუთ-ნახევარი). წმ. სამების კულუხს იმითი კრეფდნენ მთელ ჴევში.

მათრაჴი
მათრაჴის ტოში ჴ. მათრახის ბოლო. ნ. ფარჩუმი.

მათქვამი
ჴ. ლექსის გამომთქმელი (ჴ. მას.).

მათხაფი
მოჴ. რკინის კეტი სანაღმე (სალაღუმე) კლდის ამოსათხრელად.

მაი
მოჴ. (<მადი) ყ. 15,8; 16,23: 1098,1 ქვ. აბა მოდი.

მაინთა
თ. (<მანდითა) მანდიდან.

მაკეთე
ჴ. მოკეთე. მაკეთე-მაკიდული ჴ. მოყვარე, ნათესავი.

მაკვერი, მოკვერი
ჴ., ფშ., მოკვერაი მთ., მოკვერაჸი თ., ბეკვერაი მოჴ. დათვის ბელი.

მაკიდული
ნ. მაკეთე-მაკიდული.

მაკილვა
ნ. ჩაკრენტვა.

მაკრატელი
თ. მაკრატლის ჯურაა. თითები არ გაეყრება. ცხვრის საპარსველი რომ არის, ისეთია, მხოლოდ პატარა. ქსოვილების გასაკვეცად ხმარობენ. მაკრატელი ჴ. პატარა, ოჯახში სახმარებელი მაკრატელი. ნ. დუქარდი და საკვეცაჸი.

მაკუტაჸი
თ. თივის ბულულა. ჩადალს ხე აქვს ჩარჭობილი. მაკუტაჸი სახელდახელოა; რამდენიმე თივის კონა ერთად დაყუდებული. ნ. ბიჟინა.

მალე
თ. ადრე.

მალედავ
(1) ჴ. მალე (ჴ. მას.).

მალედავ
(2), მალევე თ., ადრევ მოჴ. წინათ, უწინ, დიდიხანია.

მალეული
ჴ., თ., ადრეული ფშ. ა) შემოდგომასა და ზამთარში გაჩენილი საქონელი. ბ) გაზაფუხლზე პირველად მოხნული ყანა (ადრე შემოდის). საპირისპიროა ნელაი ჴ.

მალექსარი
ჴ., მალექსებელი ჴ. ლექსის გამომთქმელი.

მალულაჸი
თ. ღობემძვრალა (ჩიტია).

მამ-პაპანი
ნ. მამა.

მამა
ჴ. ა) თაობა, ჩამომავლობა, გვარი. მამად მაუდის ჴ. ჩამომავლობით მოუდის. მამ-პაპანი წინაპარნი (ჴ. მას.).

მამალი
თ. აპყის ღერი და კატარი. ყველა აპყი არ იკეთებს მამალს. ნ. ბორცო.

მამართვა
ჴ. მომართვა. ჴელ მაგიმართას ჴ. ჴელი მოგიმართოს, გაგიმარჯოს (მისალმების სიტყვებია).

მამასახლი
თ. მამასახლისი.

მამასახლისის ფეჴი
მთ., გუდ., ჴ. მამასახლისობის კანდიდატი.

მამდები
ნ. გულის მამდები.

მამის სახლი
ჴ. საიდანაც გამოთხოვილია ქალი (ჴ. მას.).

მამკალი
ჴ. მკელი (ჴ. მას.).

მამკვდარი
ჴ. მომკვდარი. მამკვდრის პატრონი ჴ. ჭირისუფალი (ჴ. მას.).

მამკლავი
ჴ. მკვლელი. მამკლავ-მამკვდრობა ჴ., ფშ. სისხლის ძიება.

მამრი
ჴ. მომეცალე, მაღრი (=მოერიდე) მოეცალე, მორი თ. ჩაწერილი მაქვს აგრეთვე მამღრი („გამშორდი“-ს მნიშვნელობით, მაგრამ ფორმა მაეჭვებს (ორი ობიექტის ნიშანია: პირველი პირისა და მესამისა). ნ. რიდება.

მამსწრო
ჴ. ვინც მოესწრო, ვინც მოსწრებია (ჴ. მას.).

მამულ-ი
(1), მრ. მამულნ-ი ჴ. გათხოვილი „ქალის გვარის ძმა-სახლიკაცები“ (ბეს.).

მამულ-ი
(2) გუდ., მთ. სახნავი მიწა (გინდ მოხნული იყოს, გინ მოუხნავი). ნ. ყანა, ნაყვერი.

მანა
ჴ. პალო (ჴ. მას.).

მანათი
ჴ. მანეთი (ჴ. მას.).

მანანა
(ბაჩ. „დ“, 19) ნამი, ცვარი.

მანდელი
ჴ., მანდილი თ. (არაბ. მანდლ) მანდილი. მანდლიანი ჴ. მანდილოსანი (საპირისპიროა ქუდიანი).

მანდო, მანდოვი
მოჴ. „მანდოთ ვარ“ (მოჴ.) ნ. მონდავი.

მანქანა
გუდ., ჴ., სამაქნე (=სამანქნე) ფშ., ამოსაზიდი თ., ასაზიდი მთ., მოჴ. წისქვილის ფეხის ასაწევ-დასაწევი, მანქანა დაუდე – დაუწიე წისქვილს ფეხი.

მანძილა
(ჭყ., ჴ., ნ. ურბ.) „დიდი ირემი“. ჴ. ექვსისა და მეტი წლის ჯიხვი. „მანძილა“ ჴევსურეთში ჯიჴვის ეპითეტია, მაგრამ მეტაფორულად შეიძლება კარგ ვაჟკაცზედაც ითქვას. თ. ხარის სახელია, ფშ. ზორბა ხარი. ნ. ჯიჴვი.

მაჟარი
ერთგვარი თოფია. ნ. იარაღები.

მაჟდაგი
ნ. მაშთაგი.

მარაგი
(1) მოჴ. (ყ. 465, 13; ვაჟა, „ცრ.“, 96) ღრუბელი; ნისლი. „მარაგს იკრავს“ (მოჴ.). მარაგი თ. თბილი ღრუბელი.

მარაგი
(2) ფშ. ა) ნამგლის ყუა; ბ) სათითებით ყანის მკა (საპირისპიროა ღულით მკა).

მარანა, მარნა
თ. იგივეა, რაც ბაყალიკა (ნ.).

მარანდული(ს) საპონი
ჴ. წითელი საპონი, პირ-საბანი. ნაჭრევისათვის ხმარობდნენ.

მარახული
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „შემოდგომის ყვითელი ფერი“. მთას მარახული მოჰკიდა, / მწყემსო, აჰყარე ცხვარია. / არ მოგწყინდაა მთას ყოფნა, / არ მოგინდაა ბარია? (ფშ.)

მარახული
ჴ. (ს. ნისლი) სთველზე, როცა მთაში ნისლია და ცოტად თოვს და თოვლი ბალახსა და ტყეს ეკვრის და იყინება (მიწაზე კი დნება); „რო მოსწვიმს და მემრ ბალახებზე გახყინავს სთველზე, იმას ვეძახით ჩვენ მარახულს“ (რთვილი სხვაა კიდევ). ჭირხლი თ. სთველთ რო მოსწვიმს და მემრ ბალახებზე გახყინავს, იმას ხქვიან ჩვენჩი მარახული“. რაზიკაშვილის ახსნაც უსაფუძვლო არ ჩანს: ერთი ფშაველის ახსნით „მარახული ლიშნავს შემოდგომის პირზე გადამხმარ ბალახ-ბულახს. მარე ნ. მარი.

მართალი
ჴ., ფშ. სწორი (ხმალი, ჯოხი და სხვ.). მართალი გზა თ. სწორი გზა. მართალი თოფი ჴ. უტყუარი, მიზანში სწორად მიმავალი თოფი (ჴ. მას.).

მართულობა
ჴ., მორთულობა გუდ., მოჴ., კმაზულობა მთ., მოჴ., აკმაზულობა თ. ცხენის მორთულობა ნ. კმაზულობა.

მარი
ფშ., გუდ., მთ., მოჴ., მაღრიჴ (რდე) მოეცალე. მარი ჩე, მა! მარი, ჩე! მორი თ., მარი (ყ. 235,2 ქვ.). ნ. მამრი, რიდება.

მარიამის სარტყელი
გუდ., მოჴ., მარიემის სარტყელი მთ. ცისარტყელა, მშვილდ-ისარა ფშ., მშვილდ-ისარანი ჴ., თით-ბეჭედა თ. ჴაჴმატში (ჴევსურეთში) გავიგონე ცის გირკალაჲ, მაგრამ უარყოფენ.

მარიანობა
ჴ. ნ. მექარობა.

მარნა
ნ. მარანა.

მარტო
ჴ. მხოლოდ (ჴ. მას.).

მარტო-სკამი
მთ., სამარტო სკამი, სამარტოე სკამი მთ. სამ-ფეხიანი პატარა სკამი (ერთისთვის). მარტო-შკამი მოჴ. (ყ. 107,9; 248,1 ქვ.; 654,10), სამარტო შკამი მოჴ. იმაზე უფროსი დაჯდება ქორწილში, სხვას არავის შეუძლია.

მარტო-ყვავილი
ჴ., ძროხის ყოილი გუდ., ძროხის უოილი, უფრო ჴარის ყოილი მოჴ., ბედნიერი ფშ. (საქონელს შეეყრება, კაცსაც) ციმბირის წყლული(?).

მარტო-შკამი
ნ. მარტო-სკამი.

მარტუღელი
გუდ., მთ., მოჴ. (მარტუღელა-ც), ფშ., ჴ. უღელი, რომელშიც ერთი ხარი გაებმის.

მარღვიალი
მთ. კაცის კაცზე წამკიდებელი, ვინც კაცს კაცზე ასისინებს, მარღვიელი მოჴ. „ვისაც ჩხამიანი ენა აქვს“.

მარცხენ-მარჯვენ
ჴ. მარცხნივ და მარჯვნივ (ჴ. მას.).

მარხვა-ტეხია
ფშ., ჴ., მარხვა-ჩეხია ჴ. (არხ.), მარხო-ჯიგანაი მთ., მარხა-გეჯაი მოჴ. ვინც მარხვას არ ინახავს.

მარჴე
ჴ. ძნელად გასაკეთებელი, საჯაფო (საპირისპიროა მარჯვე). მარჯვე კი არ ას, მარჴე (ჴ.), მარჴედ პურმამშეული ჴ. მეტად მოშიებული. მარჴე ფშ. ა) ავი, ბ) მძიმე ავადმყოფი, მარჴედ ყოფნა ფშ. მძიმედ გახდომა ავად („მარჴედ არის“), მარჴე თ. ანჩხლი, ავი (კაცი, ძაღლი), საპირისპიროა ალალაჸი.

მარჴილი
მარჴილის ფეჴი (გუდ.), მარჴილის ღო, მარჴილის ღუა მთ. ნ. ღო, ღუა. მარჴილის კედები ნ. ხაბუხბი. მარჴილის ლაგამი ნ. ლაგამი.

მარჴილის უბე
მოჴ. ორი წერი ანუ ორმოცდაოთხი ძნა ერთად აგებული (სხვანაირად: ცხრა ხუთეული, ერთით ნაკლები). ჴელეური ერთი ძნა, ხუთეული ხუთი ძნა, წერი 22 ძნა, მარჴილის უბე ორი წერი, ანუ 44 ძნა.

მარჯაკალი
თ., მარჯეკალი მთ., მოჴ., მაჭანკალი, შუა კაცი, მაშვალი.

მარჯვე
გუდ., მთ., მოჴ., (ყ. 554,8), ჴ. (იშვ.) ახლოს მყოფი. „შეშა აღარ გვქონდა და გზასთან ეგ ხე უფრო მარჯვედ იდგა“, „მარჯვეს არი“ (მოჴ.), ახლოა (საპირისპიროა შორი). მარჯვე ჴ. ადვილად გასაკეთებელი (საპირისპიროა მარჴე). მარჯვეს ჴ. ახლოს.

მასე
თ. (ძველად), ჭირტალი თ. (ძნელად შემოსულია) ღოლოს მსგავსი ბალახია (ჭეკარი?). მხლად არ აკეთებენ. ნ. ჭეკარი.

მასთაგური
ჴ. ნ. მაშთაგური.

მასიტარაი, მასისტარაი
მთ. მცენარეა, მჟავეა, ჭამენ (მოხარშული კარგია). „მჟაველა სხოა“.

მასკვლავი
ჴ., თ., ფშ. მასკვლევი მოჴ., ფშ., მესკვლევი მთ. ვარსკვლავი.

მასრა
ჴ. ჩოხის მკერდზე გასაკეთებელი სათოფისწამლე, იმერულად ქილა (ჴ. მას.).

მატ
ნ. ამატება, გამატება.

მატალა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „შირიმის კლდე, წყალი რომ წვეთავს მაღლიდან და თან კირიან კლდეებს აკეთებს. ფშავში ბევრია ამისთანა კლდეები“. მისხედს კითხვის ნიშნები. ალბათ, კორექტ. შეცდომაა. მიტალა ჴ. „წითლად რო გაებმის მიწას“.

მატირალი
ჴ. მოტირალი.

მატყლი
ნ. კრაველი, კანძი.

მაქალათი
თ. ხაბაზი, ნ. ზედამდგომი.

მაქანისი
ყ. 69,7 ქვ. (კორ. შეცდომაა?) მაქნისი (?), მოქნისი, მოქნისა მოჴ. როს მოქნისი არის (მოჴ.) რის მკეთებელია, რის მარგებელია.

მაქაცი
ჴ., მაჴატი თ., ბრაწი ფშ. (მცენარე). ნ. მაჴატი.

მაქც-ი
თ. მარცხი, ფათერაკი.

მაქცეულობა, მოქცეულობა
გუდ., ფშ., ჴ. ნ. ქცევა.

მაღალ-ი
ჴ. თავი მთისა, წვერი: ჭიმღის მაღალი, საჴარის მაღალი და სხვ. (ჴ. მას.).

მაღალა
ჴ. ა) მაღალი ჭიქის მსგავსი თასი. ბ) ცერზე წამოსაცმელი მაღალწვეტებიანი საჩხუბარი რკინა.

მაღარიჩი
მთ. (არაბ. )მაყარიჩი.

მაღვედრის
ჴ. აბარებს.

მაღრი
ნ. მამრი.

მაყა
ჴ., ფშ. სვილის ჩოლხი, სვილის თავთავი (რა მარცვლებს გამოაცლიან). შდრ. მაყო.

მაყალორძა
ჴ., მაყალურძა ფშ. ბალახია.

მაყვარე
საყვარელი(?). „მაყვარეების გულისთვის ქმარი ვის გაუგდიანო“ (მერკ. 13). მთიულეთსა და ხევში მოყვარე არ იციან. იციან მოკეთე და (მ)ძახალი (ცოლეურზე). მაყვალია ნ. მაყოლია.

მაყვერება
მაიყვერაო, იტყვიან: „გათბება და მოყრჩოლდბა ბაზალუყი და იმის გამონაჴად არაყზე იტყვიან. არ გამოუვა სრულებით“ (მთ.).

მაყივლება
არ მააყივლეს გვარია (ჴ. მას. 213,29) „მაყივლება – გვარის შარცხვენა“ (ბეს.).

მაყო
ჴ. (შატ.) სვილის თავთავების გასაბერტყი კეტი. შდრ. მაყა.

მაყოლია
მთ. (=მაყვალია?) წითელი ჩიტია.

მაყურჟი, მაყურჭი
ყლუფი გუდ., ინჩვლი მოჴ., შატი ჴ., თ., შატა ფშ.

მაშატება
ნ. შატება.

მაშვრალი
ნ. დამაშვრალი.

მაშთაგი
ჴ., მაჟდაგი თ. ბატკნის ტყავი საქუდედ. „მაშთაგ გაზილი“.

მაშთაგური
(იშვ. მასთაგური) ჴ. ჩასაცმელი ტყავი.

მაშიავ, მაშივ
ჴ. მაშინვე (ჴ. მას.).

მაშუღლარი
ჴ. მოჩხუბარი (ჴ. მას.).

მაჩივლება
ჴ. „მე კი არ მაწივა და იმაზე მაუჩივლდი“ (ჴ.) დავემდურე.

მაჩიკა (მოჩიკა)
ჴ. ერთი ბალახის ძირია, გუთანს ამოაქვს, ჭამენ. მაჩიკა ძირს ჰქვია. მაჩიკი (მიჩიკი) თ., მაჩიტაი მთ., „გამიგია კი მაჩიტელა (მოჴ.). ნაჩიკა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მაჩიტელა, მცენარეა, თეთრი ძირი აქვს, რომელიც იჭმევა“. ნ. კაწაი, ფათალა.

მაჩიტაი, მაჩიტელა
ნ. მაჩიკა.

მაჩქატელა
(ჭყ. მაჩხატელა) ინგილოურად ღამურა (ივერია, 1900, № 121) „მაჩქათელა, ბარი ეძახის“ (თ.).

მაცალო, მოცალო
მთ. მოზვერი, ჭოჭყი ჴ., ჭეჭყაი, ჭეჭყაჸი თ., ჭეჭყი ფშ. ზროხა ორ წლამდე (გინდ მოზვერი იყოს, გინდ დეკეული).

მაცილი
ფშ., ჴ. (ჭყ.), ნაცილი მთ., მოჴ., მაცდური, მავნე, ავი სულიერი.

მაცინტავებს
ნ. ცინტა.

მაცნე
ფშ., ჴ. (ვაჟა, ჭყ.) „შიკრიკი, იფრინდა, კურიერი“, ამბის მომტანი, ამბის შემტყობინებელი.

მაცოდარი
ჴ. მცოდნე (ჴ. მას.).

მაწევარი
ჴ. მასპინძლის მიერ გაგზავნილი კაცი სტუმრის მოსაწვევად. (საქნარში, ქორწილში). მოწევარი მოჴ.

მაწიერი
ფშ. ნოყიერი. მაწივრობა ფშ. ნოყივრობა, ყუათი მოჴ., შაძენა ჴ., თ.

მაწილვა, დაწილვა
ჴ. მოწყვეტა (ხილისა), მოკრეფა.

მაჭ-ი
თ. (ძველადო) წვერი.

მაჭაჭა
ფშ., მაჭეჭა გუდ. მეჭეჭი ნ. კვირტი.

მაჭეჭა
მთ. ავადმყოფობაა: „ცხორს უჩნდება ჩლიქებში. დანაყვენ შაბიამანს, შაბს და მარილს დააყრიან, დაუხვევენ მჩვრით და მორჩება“. მაჭეჭი „ძროხას იფრო უჩნდება ძუძუებში“ (მთ.).

მაჭკატი
ჴ., თ. (ჭყ. დ. პ.) „ხევსურულია. იგივეა, რაც რუსების ბლინი.: გათქვეფილ ფქვილის სითხეს შუშავენ ცხელ ტაფაზე და ამ მოშუშებულ ცომს აწებენ ერბოში და ისე გიახლებიან“. რძეში თხლად ფქვილს მოუკიდებენ, ცეცხლზე შემოკიდებულ ზედგანს ერბოს ან დუმას წაუსმენ და ზედ კოვზით დაასხმენ, მოშუშვენ და შემდეგ ერბოში ამოუწებენ და ისე ჭამენ. ფათილი ფშ.; შდ. ფოფხი.

მაჭკდევა
ჴ. ჭკდის გაკეთება. „დანით დალიშვნა რქისა, აღთქმა ხატისად“ (ბეს.). საკარგყმოდ გამაბრუნვილი, / ყოჩო, მაგიჭკდევს რქაზედა“ (ჴ.).

მაჭლეური
ფშ. შესაკრავი ძნა. ნამჭლეური გუდ., მჭლეური მთ. ჴელეური მოჴ., ჴ. რასაც ერთ ხელში დაიჭერს კაცი. სამი ჴელეურისაგან ერთი ძნა დადგება.

მაჭყირობელაი
მოჴ. შემაწუხებელი(?): „თითო-ოროლაი მაჭყირობელაი მოვა და რაც უნდას იმას სჩადიან“ (ყ. 225,1) შდრ. დახჭირობელა.

მახინჯი
თ. ნ. ხეიბარი.

მახტა
ფშ., ჴ., თ. მიწის გადასახადი, საერობო გადასახადი.

მახუხი
მთ., მოჴ. მომჟავო სასმელია კაპარსავით. სიმინდისა ან ქერისა კეთდება.

მაჴაობელი
ფშ. სარეველა ბალახია, იგივეა, რაც აჭა (ნ.).

მაჴარობელი
ჴ., მეკეთილე ჴ., ფურ-მაჴარობელი თ. ნ. ჴარობს.

მაჴატი
თ., მაქაცი ჴ., ბრაწი ფშ. ჯაგის მცენარეა. იმისგან მათრაჴის ტარებს აკეთებენ.

მაჴაცი
მოჴ (?) მსხვილი (ტოლი, მატყლი, კრაველი). მახაცის შალი (ყ. 487,4).

მაჴევე, მეჴევე
ჴ. მოჴევე (ჴ. მას.).

მაჴნავი
ჴ. მხვნელი (ჴ. მას.).

მაჯაგანი
ფშ., თ., მაჯეგანი გუდ., მთ., მოჴ., იგივეა, რაც გემნა (ნ.).

მაჯახალი
მოჴ. ყბა. „მაჯახალნი დააყენენ“-ო (მოჴ.). „მაჩაღალიო, ქისტებ ეძახან“ (ჴ. შატ.) ნ. ლაშყბა.

მბილ-ი
ნ. სამბილო.

მბილ-შუცელი
ჴ. მუცელი. ნ. ჭიპი.

მგებარნი
მოჴ., ჴ., თ., მგებრნი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ფშავლების რწმენით, კაცი როცა კვდება, იმის სულის წასაყვანათ შავეთიდან სულ ცხენოსანი ნათესაობა მოდის. იმათ ჰქვია მგებრნი“. მგებარი მოჴ. გინდ ცხენოსანი იყოს, გინდ ქვეითი.

მგებრი
ჴ. დოღვში ვინც მხედარს შეეცვლება. ცხენი ერთი უნდა იყოს.

მგელ-ჯიჴვაობა
ნ. მგელთ-კვერი.

მგელთ-კვერი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დიდმარხვაში იციან [ჩამიმატებია: პირველ შაბათს], მგლის კვერებს დააცხობენ ფშავში მგლების მსგავსათ. მერე ცერცვს დაჰხლიან დამბალს, იმ მგელთკვერს წაიღებენ ბიჭები და ისარს ესვრიან. ვინც მოარტყამს, კვერიც იმას დარჩება და ერტი ჯამი ცერცვიც“. მთიულეთში: შუა დიდმარხვაში ორშაბათ დღეს მგლის მსგავსად კვერებს დააცხობენ, სამხრობის დროს ბალღები (რომელთაც მანამდე არა უჭამიათ რა) კვერებს გასტეხენ, იტყვიან: მგელო, ერიდე ჩვენს ძროხას და ცხორსაო“ და შეშჭამენ. არხოტში: დიდმარხვის მეორე შაბათს, თევდორობას იციან. ცერცვი არ იციან. ბავშვებიც მსივრები არ არიან მანამდე. თუშეთში: თუშეთში ამგვარ წვეულებას მგელ-ჯიჴვაობა ანუ ბაცუკაობა ჰქვია. დიდმარხვის პირველ შაბათს ნადირებისა და ფრინველების მსგავს კვერებს გამოაცხობენ: მგლისას, ჯიჴვისას, ირმისას, დათვისას, მტრედისას, ქათმისას). ბალღები გაიტანენ მინდორში და ისრებს ესვრიან. ვინც ისარს მოარტყამს, კვერი მას დარჩება.

მგელთ-უქმი
(ჭყ. დ. პ.) „დიდმარხვის პირველ შაბათს (მე მიმიწერია: მეორე შაბათს, თევდორობას) ხევსურები უქმეთ ატარებენ და ჰგონიათ, თუ ეს დღე იუქმეს, მათ საქონელს მგელი ვერას დააკლებს. ამ დღეს ისინი არავითარ საქმეს ხელს არ ჰკიდებენ“. ფშავშიც არის ეს ჩვეულება. ჴევსურეთში მგელთ-უქმობის დროს მგლის მსგავსად კვერებს დააცხობენ, გაიტანენ ბალღები მინდორში და ისრებს დაუშენენ (მგელთ-უქმის შესახებ არხვატში ნ. ჴ. მას. 148-149). თუშეთში: ხორცის კვირიაკის წინა დღით, შაბათს, უქმობენ. ხინკალს აკეთებენ და ჭამენ. როგორც ჩანს, რამდენადმე არეულია მგელთ-კვერისა და მგელთ-უქმის შესრულების წესები მთის კილოებში, ან შეიძლება სხვადასხვა სახელი იყოს ერთისა და იმავე მოვლენისა.

მგლის კუნძული
ყ. 305,9; 676,16 ქვ., მგლური ძუნძული მოჴ.

მგლის პირის დაჭერა
მოჴ. (წინათ) საქონელი რომ მთაში დარჩებოდა, მგელს რომ არ შეეჭამა, ლოცვას იტყოდნენ და ქადებს გამოაცხობდნენ. მგლის პირის შაკვრა ჴ., ფშ. იგივე.

მგლის ფერი
შემგლისფერდა თ. შებინდდა, საღამომ მოატანა. შემგლისფერებული იყო თ. შებინდებული იყო. შამგლისფერდაო, იტყვიან ფშავლები სამკალად მოსულ ყანაზე.

მგლუვი
ნ. გლუვი.

მგლური
მთ. ჩქარი სიარული ან საქმიანობა. მგლური ყ. 16,1; 520 ჩქარი სიარული.

მგუანი
გუდ., მთ., მგუანაი მოჴ. ბუტია, წუნია. ბავშვი რომ გაგუვდება, ე. ი. დაიწუნებს სასმელ-საჭმელს და ყველაფერს, რაც არ მოეწონება. მწყრომელა ფშ. „მგუანას შაუჭამეთო, მძინარას შაუნახეთო“ (მოჴ.).

მდე, მდებელი
ნ. გულის მდე, გულის მდებელი.

მდივანი
მოჴ. დინჯი, ჭკვიანი (მხოლოდ პატარძალზე ითქმის. კაცზედაცო, დასძინეს). კითხვის ნიშნები მისხედს. „არ გამიგონიაო“ ერთმა მოხევემ.

მდინარი
მთ., გუდ., ჴ., ფშ. ჩირქი, ბაყლი. „მდინარი დაიძრაო (მთ.), იპირნაო (მთ.), დაპირაო (ჴ.).

მდღვიალა მასკვლავი, მდღვინავი მასკვლავი
ნ. ჭყვრიალა მასკვლავი.

მებალინჯე
ჴ. ეშმაკი. ნ. ბალინჯი.

მებაყაყია
ნ. მემყვრია.

მებოსლე
ბოსელში მყოფი თვიურის დროს (ქალი, დედაკაცი). ნ. ბოსელი, მირეული.

მეგველია
მთ. ქორის ოდენა მტაცებელი ფრინველია. ნ. ძერიკა.

მეგველიანი
მთ., მეგოლიანი მთ.: „მეგოლიანი თან დასდევენო, იტყვიან ბოზ დედაკაცზე“ (მთ.). მეგოლიანი რა არის, კარგად ვერ ამიხსნეს მთიულეთში. ნ. მეჴარობლე, ჴარობს.

მეგოლიანი
ნ. მეგველიანი.

მედგარ-ი
(1) გუდ., მთ., მეხი. „მედგარი და მეხი ორივ ერთია“ (გუდ.). იხმარება წყევლის დროს: გამედგრებულო, მედგარ-დაცემულო! მეხი დაგეცა და მედგარი! „შე მეხ-დაკრულო, მედგარა“! (ვაჟა, 131,5 ქვ.). მთ. მედგარი თ. „მეხის ნატეხი, მეხის ნაპერწკალი“; გაშლით წამოსული მეხი. მეხი პირდაპირ მოდის და მიწას აპობსო, მედგარი კი გაიშლებაო, მას მეხის ოდენა ძალა არა აქვსო. მეხს შალის ნაწვავის სუნი აქვსო, მედგარს კი თოფის წამლისაო. გამედგრებული ფშ. მედგარ-დაცემული.

მედგარ-ი
(2) ჴ. (შატ.) ბალახია, დანაყილი რომ ხორცზე დაიდო, სულ ამოატყრობს. მედგარა ჴ. (არხ.) ბალახია. მედგარა ფშ., ავწალიკა ფშ. ბალახია.

მედროშაე, მედროშე
(ხატში) ნ. ჴელოსანი.

მედუმლე
ფშ. ნ. უდუმალი.

მეექვსვის
ნ. შეექვსვის.

მეთავისე
ჴ. ნ. მოთავისე.

მეთაფლია, მოთაფლია
მოჴ., კაზარა მოჴ., ფუტკარი. „ბუზუნა ბევრი ბზუისო, მოთაფლიასთან ტყუისო“ (ანდაზა მოჴ.). მეთაფლე ბუზვი ჴ. ჭრელი ბუზია, დიდი, თაფლს აკეთებს. გველთ ბუზურა ჴ. იგივე, ბუზურა ფშ., თაფლაჸ ბუზვი თ.

მეთოფე
ჴ. თოფის მსროლელი (ჴ. მას.).

მეკალტია
ჴ., ფშ., თ. ქორის ოდენა ფრინველია, თეთრი, წვრილი და გრძელი ფრთები აქვს, ფრთის წვერები კი შავი.

მეკეთილე
ჴ. ნ. მაჴარობელი, ჴარობს.

მეკვლე
ჴ., თ. კვალის მიმტანი ოჯახში ახალწელს დიდით, მფერხავი. მეკვლეობის წესი ხევსურეთში აღწერილი აქვს ბეს. გაბუურს (ჴ. მას. 142-145). სამეკვლეო მეკვლისთვის განკუთვნილი (ჴ. მას.).

მეკოლე
ნ. ჴარ-გუთანი.

მეკოპარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წინა-ჯარი, ავანგარდი“. მართალიაო, მიმიწერია. დამზვერავი, წინ-წინ გაგზავნილი ჯარი. მზირი ჴ., „ჩვენ მზირი ვიცით, მეკოპარი თუშებმ იციან“ (ჴ.). ხევსურეთში სიტყვის მნიშვნელობა იციან: ხსნიან მზირიო. მეკოპარი ჴ. სალაშქროდ წასული ჯარი, ფშ. უფრო დასაზვერავად წასული. მეკოპარი თ. დავლის დაშოვრად და საზოგადოდ მტრის საზიანოდ წასული მცირე რაზმი; დავლის საშოვრად (მაგ., ფარის, ძროხის, ჯოგის გამოსარეკად და სხვ.) წასული რამდენიმე კაცი (ასე თხუთმეტიოდე). სამეკოპროდ (ვაჟა, 44,8; 46,10 ქვ.).

მელა
ჴ. საგინებელ სიტყვად იხმარება მკვდართან დაკავშირებით: „მკვდართამც გიძე მელაიო“! მელას ან ციცას, ვირს, ცხენს, ძაღლს, ერთი სიტყვით, რაც „ყროლია“, ხმარობენ წყევლა-გინების დროს: ციცას მიგიკლავ მკვდარსაო! ჩემს ძაღლს ჩავაკლავ მის მკვდართა ნაწყლ-ჩაღმა! და მისთ. ნ. მკვდართად შაწირვა.

მელა
მელის-კუდა ფშ., მოჴ. (ყ. 303,8 ქვ.) ბალახია. კაჭაკაჭა ბალახი. თ.

მელა-გუნდა
მთ. ბალახის ერთი.

მელა-ღუნი
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „შავი მელა“. კითხვის ნიშანი მიზის და მიმიწერია: მელაღუნი შეცდომააო. ნ. მელანი.

მელად თავის დადება
(ვაჟა, 228,3), „მელასავით ჩამაჰკიდა თავიო“ (მთ.).

მელანი
ფშ., ჴ., თ. შავი მელა.

მელატი გუდა
მთ. ნ. მელოტი გუდა.

მელაური
მთ., გუდ. ერთად მოქუჩებული ძნები. ერთად მიყრილი ძნა (გებული ჴუთულა არის). ნ. შაყრილი.

მელეური
ფშ. „ყანის ან ბალახის ნიავზედ ღელვა. ყანას მელეური მისდევსო. მელეური აგრეთვე ოლეს ან ტბის ლიკლიკა ტალღებსაცა ჰქვიან“ (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 207).

მელექსე
ჴ. მოშაირე, პოეტი (ჴ. მას.).

მელეშო
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სამხრის სამხარი“ (სამხრის კუდი?). მისხედს კითხვის ნიშნები.

მელოტი გუდა
(იშვ. ტიტველი გუდა გუდ.) გრძელი თიკნური, უბეწვო გუდა. მელატი გუდა მთ., მელუტი გუდა ფშ. უბეწვო გუდა.

მემრ
ჴ. მერმე (ჴ. მას.).

მემუჴლე
ჴ. ვინც მუხლზეა დაჩოქილი (ჴ. მას.).

მემყვრია
ჴ., მეყვარტია თ., მებაყაყია ფშ. ყანჩა, ბაყაყიჭამია.

მენ, მენა მე
მენ მოვიტანუა, მეკითხებია, ჩემო ნინუა“?

მენადირე
ჴ. მონადირე.

მერდალი
ჴ. მედალი, მენდალი.

მერიგე
ჴ. ხატის მსახური (ხუცესი, მედროშაე, მეკოდე, მეგანძური, დასტური). მერიგე ხატის ხუცესსაც დაერქმის, ღმერთსაც: „თავის მერიგე ღმერთს შაახვეწნიდი“. ნ. მორიგე.

მერცხალიკა
ჴ., თ. მერცხალი. კლდის მერცხალიკა ჴ., კლდის მერცხალი ფშ. ნამგალა, მწივანა (ნამგალა კიდევ სხვა არისო ფშაველმა).

მესამძიმრე
ჴ. ვინც სამძიმარს ეუბნება ჭირისუფალს.

მესაფქვია
ჴ. (არხ.) რაღაც ფრინველია.

მესისხლე
ჴ. მოსისხლე, ვისი სისხლიც ჰმართებს მეჴელეს (ჴ. მას.).

მესკამური
მთ. („სახალხო გაზეთი“ 1911, № 456) პროპაგანდისტი, აგიტატორი (სიტყვების წარმოთქმის დროს სკამზე შედგომა იცოდნენ და იმიტომ).

მესკლევი
მთ., მასკლავი ჴ., ფშ., თ. ვარსკვლავი. ნ. ჴარი-პარია.

მესმინაე
ჴ. უიარაღოდ წასული კაცი კუდიანთ ღამეს სოფლის მოშორებულ ადგილას, რომ მოისმინოს კუდიანებისაგან, თუ ვინ რისგან მოკვდება სოფელში (ჴ. მას. 151).

მესულთანე
(ურბ. „ივერია“, 1886, № 267) ქალი ან დედაკაცი, რომელსაც მკვდრის სული ალაპარაკებს ხალხის წინ. „პრაოჩიკია, რაღა, მკვდრისა“ (ჴ.) [პრაოჩიკი – პრეოჩიკი, მთარგმნელი]. მესულთანაჸე თ. მკვდრების სახელით მოლაპარაკე კაცი ან ქალი.

მესხი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. „მზეს და მთვარეს რომ დააუჩინებს“ (ჴ.), რაღაცა გადაეფარება მზეს და მთვარესო. თოფებსაც ესვრიან, რომ მოაშორონ. ვეშაპი ვეფხის ტყაოსნისა („მზე ვეშაპსა დაებნელა“, ვეფხ. 1158).

მეტ-ჩარმა
(დ. ხიზანაშვილი, „ივერია“, 1887, № 202) თოფის ჯურაა. ნ. იარაღები.

მეტი
ნ. გმეტი.

მეუდმალე
თ. ნ. უდუმალი.

მეუქმარი
ჴ. ვინც უქმობს (ჴ. მას.).

მექალთანე
ჴ. ქალების მოყვარული.

მექარია
ჴ., ქარიტყანია თ., ქარისტყანია გუდ. ფრინველია ქორისოდენა. ჰაერში ფრთებ-გაშლილი დგას ხშირად ერთ ადგილას.

მექარობა
ფშ. (ჭყ.) ღვთისმშობლობა, მარიობა. „მექარობას ან დაასწრებს თევზი თხრას, ან ხარ-ირემი ყვირილსა“. მარიანობა ჴ.

მექაცაბუნაე
ჴ. (არხ.): „ჴევსურის ქალებსთან მექაცაბუნაე ვაჟა არხოტიონი“ (არხოტელის გამოგზავნილი წერილის კონვერტზე მინაწერი).

მექჩერების
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. ნ. ქჩერება.

მეღალია
ჴ. დიდი ჩიტია, ჭრელი: ერთად მოდის ბევრი.

მეყვარტია
თ. ნ. მემყვრია.

მეყორიაჸი
თ. ჩიტია, კედლებში ძვრება (ყორე თ. ქვის კედელი).

მეშაბათე
ჴ. ახლო ნათესავი მამის მხრივ (ბიძაშვილი და სხვ.). როცა ვინმე მოკვდება , მეშაბათე მოვალეა, თმა და წვერი დაიყენოს. შაბათის რიგზე (ნ.) მხოლოდ მეშაბათენია მიწვეული. ნ. შაბათის რიგი.

მეცნარი
გუდ. მცენარე.

მეწვერენი
ჴ. „ყრაულები მთაზე“ (ბეს.).

მეწყალვის
ჴ., თ. ვერ ველევი, მენანება, მეზოგება. საპირისპიროა მექჩერების. ნ. წყალობა.

მეწყერი
მთ., ჴაჴი ჴ. მიწა რომ დაიძვრება და წამოვა, რაც იქ დარჩება გვერდოზე, კლდიანი, უბალახო.

მეჴ-ი
თ. კედელთან გაკეთებული ტახტი (კედლიდან კედლამდე). შდრ. მერჴი (ხელნაწ. № 95, გვ. 1266).

მეჴამუჴება
ნ. ხამუხ.

მეჴარობლე
ჴ. მეგველიანი. ჩამიწერია ასეტი ანეგდოტი: „ჴევსურ ბაჴალიშვილი მისულ ერეკლესთან და უთხრა: მეჴარობლემაო ფურ გადამიგდა კლდეთაო. – მეჴარობლე რასაღ გიქვიანთო? – იმას გვიქვიან, ბატონდ, რომავ მე შენ აგაჯდავ, შენ სხვას ააჯდავ, შენ კლდეთავ გადაღვარდავ, მე იქავ დავრჩავ“. (ფურ)-მაჴარობელი. ნ. ჴარობს.

მეჴევე, მაჴევე
ჴ. მოჴევე.

მეჴელე
ჴ. ვისაც სისხლი ჰმართებს (მკვლელი, დამჭრელი) (ჴ. მას.).

მეჴენცლენი
(ქალები) , ჩაჩ. 39.

მეჴრე
ნ. ჴარ-გუთანი.

მეჯ-ი
გუდ., მთ., მოჴ., თეზო, თეძო. „მეჯი და თეზო ერთია“. ერთის თქმით, სარტყელს ქვემოთ თეზოების თავები მეჯებია. „ჴარს მეჯი აქვ, და კაცს – თეზო“ (მლეთე). ნეჯი ჴ., ნეჯვი თ. ნ. ხეცრო.

მეჯალაფე
ჴ. მაცილი, ეშმა, ბოროტი სული. ნ. მოჯალაფენი. „ეს მეჯალაფენ ბევრკან იცის, სადაც უფრო ხალხი ას, ისეთ ადგილში იცის. ეს მეჯალაფე-ეშმაკები, თუ იმ ალაგს კაც შაღვარდ. მეჯალაფენ დასწყევენ (ჴ. მას. 151,22-24).

მეჯოგის მასკლავი
თ. გაზაფხულზე მამლის ყივილის დროს ამოდის მასკვლავი (მემცხვარე მაშინ ცხვარს ბაკიდან საძოვარზე გარეკავს). სთველზე კი, ასე ცხრა საათზე, ჩადის (მემცხვარე მაშინ ცხვარს შერეკავს ბაკში).

მზას
ჴ. მზად (ჴ. მას.).

მზე
მზის პირი მთ., მოჴ., ჴ. ნ. პირმზითი. მზე გადაწვერილიყო, ნ. გადაწვერვა, წვერვა. მზის წვერზე ნ. წვერვა. მზე-გადენის ხანი ჴ. მზის ჩასვლის დრო (ჴ. მას.). მზენი გამადიოდეს „მზის ჩასვლის დროს“ (ბეს.).

მზე-კაბანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ყანას რო ქარი უქრის, აღელვებს და სხვადასხვა ფერს აძლევს. მომკალი უზანდარელი / შენ მოჰკალ, უთანელაო. / – არცა მე მოვკალ, არცა შენ, / მამულმა მოჰკლა, ველმაო, / მინდორში მინდვრის ნიავმა / მზე-კაბათ ქანებამაო“. მე კითხვის ნიშნები მისხედს.

მზევალ-ი
ჴ., ფშ. (წინათ) თავმდები, პასუხის მგებელი კაცი.

მზევალაი
ჴ., ფშ. ხოჭო.

მზეთ-უნახა თაგვი
თ. წყლის თაგვი, თაჴვი (ნ.).

მზვარა
თ. ნ. ზორა მთ.

მზველი
საქონელი, რომელიც იგებს. ნ. ზვება.

მზივანა
თ. რძიანი ბალახია, ჩავედ (მხლად) იჭმევა.

მზირი
ჴ. ა) ჩასაფრებული. ბ) ნ. მეკოპარი.

მზოგვნება
ნ. დამზოგვნება.

მზორ-ი
ჴ., თ. მძორი, ლეში. ნ. ლეში (2).

მზორაი
მოჴ. ხბო, სანამ ძუძუს აბია, სანამ წამოიზრდება, ბოჩოლა არის).

მთა
მთის კახა, მთის ჩიტა ნ. მთიულა.

მთა-ბარობა
(ჭყ. ნ. ა.) „ქოჩათ-მავლობა“. მთ., ფშ., მოჴ., ჴ., თ. ხან მთაში ყოფნა და ხან ბარში ჩამოსვლა მემცხორისა. მემცხორის ყოფნა ხან მთასა და ხან ბარში. მომთაბარე (ჭყ. ნ. ა.), „ქოჩათ-მავალი“. მიმიწერია: მთაბარობა ითქმის მძლევარ ფრინველებზედაც.

მთას იქითელი
ჴ. თავ-ხევსურეთში მცხოვრებთათვის მთას იქითლებია არხოტლებიცა და გურო-შატილელებიც.

მთელ-მკვდარი
ნ. სამთელმკვდრო.

მთელი
ჴ. ცოცხალი (საპირისპიროა მკვდარი): „ნუც მთელი ას ჩემობაზედ და ნუც მკვდარი“ (ჴ. მას.). გაამთელა მოჴ. (ირონიით) გატეხა. მისხედს კითხვის ნიშნები. მთლის ნახვად, მკვდრისა დამარხვად დოლა ჯობ თაჩუაური (ჴ.).

მთვარე
ჴ. ფშ., თ., მთორე გუდ., სალუდე ქვაბის ძირში ამოკერებული მრგვალი სპილენძის ფურცელი, მთორე, მის ზემოთ ფესვი (გვერდი მთ.), თავზე ლოკერი („ხოკერი“) გუდ., მთ. ნ. ჩალხი.

მთიელი
მთის მკვიდრი (ყ. 318).

მთის ქათამი
მთ. ტყის ქათამი.

მთიულ-ი
„საზოგადოდ ჩვენს ლიტერატურაში შეცდომით მთის ხალხს მთიულებად უწოდებენ, მაშინ როდესაც ჩვენს საქართველოში მხოლოდ ერთს მაზრასა (მე ვიტყოდი: ერთ კუთხეს: ა. შ.) ჰქვიან მთიულეთი“ (ყ. 11, შენიშვნა).

მთიულა
ჴ., მთის ჩიტა ჴ., მთის კახა ჴ. ლეგა ჩიტია. ტოროლას ჰგავს. ტოროლა ქოჩრიანია, მთიულა კი არა. ცას-წავალა. მთის ჩიტა ჴ. (არხ.) „გუგუტს უჩეკს ბარტყებს“. (=ყურცეცხლა, ჴ.?). საწიედაჸი თ. (ბევრმა არ იცის) ლეგა ჩიტია, ცასწავალა.

მთობა
ჴ. ათენგენის დღეობის ერთ-ერთი დღე (ჩაჩ. 96).

მთორე
მთორის ახალი გუდ. ახალი მთვარე. მთორის ბერი გუდ. მცხრალი.

მთუთქარი
ნ. თუთქარი.

მთხვიზი
ძილ-მთხვიზი ჴ. ფხიზელი, ვისაც ძილი თავს ვერა სჭრის ადვილად (ჴ. მას.).

მთხილი
ჴ. ფრთხილი, სიმთხილე სიფრთხილე, ამთხილებენ აფრთხილებენ (ჴ. მას.).

მი-და-მოღმ
ჴ. მიღმა და მოღმა (ჴ. მას.).

მიგანება
ჴ. ა) მივაგანე მივარტყი. ნ. დაგანება, გან. ბ) მიხვედრა, მიხვედრება. ვღგანდები ვხვდები. მიგაგანებთ მიგახვედრებთ.

მიგზე
ნ. გზა.

მიგულვა
ნ. გულვა.

მიდევა
ჴ.: არც ვის მიგვიდევს ვალია – არც არავისი ვალი გვმართებს.

მიდევნება
ნ. მიზდევნე.

მიდღეჩი
მთ., მოჴ., დაგვიანებულ კაცზე იტყვიან: „მიდღეჩი არ მოვიდაო“. მის დღეჩი ფშ., მის დღეში (ყ. 696,3 ქვ.), „მიდღეჩი აღარ წავიდა“ (გუდ.) დიდხანს დარჩა.

მიეთ-მოეთი
(ვაჟა, „ცრ.“ 21,6) ენატანია, მაბეზღარი. ნ. ენა-კაჭალა.

მიზდევნე (კარები)
ჴ., მიზიდე მოჴ. მიხურე. მოზდევნე ჴ. მოხურე, დაზდევნე ჴ. დახურე.

მიზეზი
მიზეზიანი ჴ. ავად გამხდარი ხატის მიზეზით. მიზეზი (ხატისა) ნ. ბირკოლი.

მიზიდე
მოჴ., მთ., ნ. მიზდევნე, მიჯრა.

მით
ჴ. იმიტომ, იმის გამო (ჴ. მას.).

მითხევა
ჴ. ნ. თხევა.

მიკუნჭვა, მოკუნჭვა
გუდ., მთ., მოჴ. მიკუნტვა, მოკუნტვა, მიკუნჭვა (ყ. 140,9 ქვ.) გუდ., მთ.

მილიონა
თ., ქვა-კაცა ფშ., ციხია ჴ. (არხ.) მთებში ახოხოლებული ქვა, მემცხვარეებისაგან გაკეთებული გზის საჩვენებლად, ნ. საწყევარა.

მილუშვა
გუდ., მთ., ფშ., მოჴ., ჴ. (ყ. 370, 18 ქვ.; 482,5 ქვ.) ჩათვლემა. „აღარც სძინია, აღარც ღვიძია“ (გუდ.).

მინა
ჴ., ფშ., გუდ., მთ., მოჴ. ბოთლი. „ერთი მინა არაყანი მასესხეო“ (მთ.), ერთი მინდა წყალანი მაიტანეო. ინისა ჴ. (შატ.), შუშა თ.

მინდვრის ზოკო
მთ. ნ. ნიყვი.

მინდი
გუდ., მთ. დაფქვის გადასახადი: კოდზე (სამ ფუთზე) ერთი ლიტრა. „ამაღამ წისქვილს მინდს ავუგებ“ (ყ. 514,12 ქვ.); „საღამოსთვინ მინდი მზად იყო“ (ყ. 515,9); „წისქვილში მინდს უდგას“ (ყ. 524,8). აქედან ჩანს, რომ ყაზბეგისთვის მინდი უფრო საფქვავი უნდა იყოს.

მინინო
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., მიმინო თ. მიმინო. შავარდენი მოლურჯოა, მინინო – მოწითალო.

მირგვალი
ჴ., მურგვალი ფშ., ჴ. მირგველაჸი თ. მრგვალი. ნ. გურგალი.

მირგვლივ
ჴ. ირგვლივ (ჴ. მას.). მირგვლივ მავალო ჴ. საგინებელი სიტყვაა (ჴ. მას.).

მირგოლი ქვა
გუდ. ნ. კოხი.

მირევა
მიერეოდი ფეჴითა ჴ. „ფეჴით სადმე ფინთს ალაგს გაივლიდივ“ (ბეს.).

მირეული
ჴ. ა) კაცი, რომელიც მკვდარს გაასვნებს და დამარხავს (ხევსურები მას არ ეკარებიან) ან ვინც მებოსლე დედაკაცთან მივა. ბ) მებოსლე დედაკაცი, ნარევი მთ. (დედაკაცზე). ნ. ნარევი, მხლებელი.

მირღვა
ჴ., მურღვა ფშ., მირღვე თ. მღვრიე. მღვივე გუდ., მთ. („წყალი ამღვივდაო“ (მთ.), მღრი(ვ)ე მოჴ. მის დღეჩი ნ. მიდღეჩი.

მისრიელ
თ. „მისრიელ დაულაგმიდი“ თ. ნ. მიწრიელი.

მიტალა
ჴ. „არც მუჯაა, არც ვეძა. ყვითლად მოეკიდება ბალახსა“. [მატალა (ჭყ.) ალბათ კორექტ. შეცდომაა]. როგორც ჩანს, უჭირთ მინერალური წყლების გარჩევა.

მიტევა
ჴ., თ. მიშვება; გატევა გაშვება.

მიტენებული
ნ. ტენება.

მიტრუკა
თ., მიტრუკი ჴ. მუტრუკი, ჩოკი, ჩოჩორი. მუტრუკი მიტომ მუტრუკობს / დედა ჰყოლია ვირიო. / კაცი ბეჩავის მჩაგრავი / სად გაგონილა გმირიო?

მიფერება
ნ. ფერება.

მიფხუნება
ნ. ფხუნება.

მიქადლება
ფშ., გუდ. მიქედლება ჴორჴ. ნ. ქადლ.

მიღეტება
მოჴ., თ.: მიეღეტების თ., მიეჴეტების ჴ. მიეხეტება; სად მიეღეტება მოჴ.

მიღმ(ის)
თ. ნ. აქის(ე).

მიღმა
ჴ., თ., ფშ. იქით, მოშორებით. მოღმ(ა) ჴ., თ. აქით, ახლოს. მიღმარ(ა) ჴ., თ., ფშ. მოშორებით. მოღმარ(ა) ჴ., თ., ფშ. ცოტა ახლოს. მოიდა ჴევსურ გაგაი, / ჴევსურეთულა მიშარა. / მეც ლეკებს ვაკეთებიე, / ჴევსურ გაგაო, მიღმარა! (ფშ.).

მიყენება
მიაყენე კარები მთ., მოჴ. მიხურე, მიჯარე, მიზდევნე. მიაყენე ჴ., თ., ფშ. ცოტად მიხურე (მიზდევნე – სულ დახურე). დაგულვა თ. სულ დახურვა.

მიყუდ-მოყუდება
გუდ., მთ., ჴ., თ. კარი-კარ სიარული სათხოვრად.

მიჩაკჩაკებდა
ნ. ჩაკჩაკი.

მიციგლიგებდა
(ყ. 447,12 ქვ.).

მიცინკალაობს
ფშ. ნ. ცინკალა.

მიწა
მიწის მგელი მთ., ჴ. თხუნელა, თაჴვი ფშ., „ძროხას რო შახვდეს, შაღრიალებს, აშინებს ძროხას“ (მთ.) ჭყ.: „თუ საქონელმა დაინახა, დასქდებაო“. იგივე მითხრეს მთიულეთშიც. მიწის თაგვი თ. იგივე.

მიწა-წყალთობამდი
ჴ. ვიდრე მიწა-წყალი არსებობს (ჴ. მას.).

მიწვერვა
მისწვერდა (მზე) მოჴ. ჩასვლას აპირებს.

მიწკონა
თ. ფორის კვერი გამომცხვარი.

მიწლიკონა
ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ., თ. „მწერია ერთგვარი. ფშავში რომ იპოვონ, თუ მიწა არ გათხარეს და არ ჩაფლეს, არ იქნება, თან ასე ამბობენ: დევთა ჴმა, გორთა კივილი, / მიწლოკინაი კვდებაო. / იმისი ფარი და ჴრმალი / ჩვენსა ბიჭებსა რჩებაო“. ჭრელია (ზოგი სისვიც), გრძელი კუდი აქვს. ჴ. იგივე. თ. ა) იგივე, ბ) ქვეშ-ქვეშა (კაცზე).

მიწოვ-მიდაგნია
ნ. ნაწვავ-ნადაგი.

მიწონა
მიიწონე გაბედე. ნ. წონა.

მიწრიელი
ფშ., ჴ., მიწრიალი მოჴ., მისრიელი თ. ავი სული, ეშმაკი. მიწრიელი ჴ. „ეშმაკი“ (ბეს.), „მიწრიელ დაულაგმიდი“ ჴ. (ლოცვაში) „მისრიელ დაულაგმიდი“ თ. (ლოცვაში). მიწრიელი ჴ. (აგრეთვე) ეშმაკი, ქვეშ-ქვეშა (კაცზე).

მიწრო
მთ., მოჴ., იწრო ჴ., ფშ. ვიწრო, კნინობითი იწრუა, იწრუაი მთ., მოჴ. („იწრუაჩი“), იწრუაჸი თ. ვიწრო ადგილი მთებს შუა.

მიწუკაჸი
თ. ნ. ხინწუკაი.

მიჭუჭკვა
მოჴ. (ყ. 14,24; 241,3 ქვ.; 315,8 ქვ.) ვიწროდ მიწყობა, მოჭუჭკვა იგივე.

მიჴეტება
ნ. მიღეტება.

მიჯრა, მოჯრა
ფშ., მოჴ. მიჯარე კარები, მოჯარე მოხურე. კარები მიჯრილი იყო. ნ. მიზდევნე, მიზიდე, დაგულე, დაგულვა.

მკადრე
ჴ. (იშვ.) მედროშე (ვინც ხელს „ჰკადრებს“ ჯვარსა და დროშებს) და დასძრავს ადგილიდან (წაიღებს საჭიროებისამებრ და დააბრუნებს). ნ. საკადრისი.

მკალია
ფშ. კალია. ნ. ჭილტაჸი.

მკამპავი
ნ. კამპვა.

მკბენარა
ჴ. ეკლიანი ბალახია. მკის დროს ხელში ერჭობა კაცს.

მკბილავი
ჴ., მკმენელაჸი თ. ნ. მკამპავი (კამპვასთან). „მკბილავს უკენ მოექეც და მწიხლავს წინაო“ (ჴ.).

მკვდართ მზენი
ფშ. მზის ჩასვლის დროს მთებს რომ ალიონის მოყვითანო ნათელი დაადგება. „მკვდართა მზით არი საწყალი“ (გუდ.) – მკვდრებშია მითვლილიო. „მთებზედ მკვდართ მზენი ჰქრებიან“ (ბაჩ. „დროება“, 1885, № 181).

მკვდართად (მკვდრებისად) შაწირვა
ჴ. თუ შუღლში ერთმა მეორე დაჭრა და სისხლი გამოადინა, დამჭრელი, თუ დიდი ჯავრი სჭირს დაჭრილისა და თვითონ სისხლი არ სდის, შესწირავს დაჭრილს თავის მკვდარს: უნცროსიმც ხარ ჩემის მკვდრისა (მკვდრის სახელს იძახებს), წყალთამც უზიდავ, ჯღანთამც უბანდავ, ჴელ-პირსამც აბანიებ, უმცროსადამც ჰყვიხარ“ და მისთ. (ჴ. მას. 137-138).

მკვდარი
ჴ. საპირისპიროა მთელი: ნუც მთელი ას ჩემობაზედ და ნუც მკვდარი (ჴ. მას.).

მკვდრებისად შაწირვა
ჴ. ნ. მელა, მკვდართად შაწირვა.

მკვდრის სამღვთო
ნ. ხარჯი.

მკვდრის სიფრო
ნ. სიფრო.

მკვდრის ცოლი
ჴ. ქალი, რომელიც დათხოვია და წაყვანილი (ან დანიშნული) და ქმარი (ან საქმრო) მოუკვდა, ერთის წლის განმავლობაში მკვდრის ცოლია (ჴ. მას., 136).

მკვრენცელა
მოჴ. ჴენცელი.

მკითხავი
ჴ. მარჩიელი.

მკლავი
ჴ. ფშ., ხელის ნაწილი იდაყვიდან მაჯამდე („საზალტემდე“ ჴ.). მჴარი თ. – იდაყვიდან ბეჭამდე.

მკლე
ბაკურჴ. ნ. ხაიბარი ჴ.; მკლე თ. ვისაც რაიმე ფიზიკური ნაკლი აქვს. მკლე ფშ. ნაკლები, ნაკლული (მაგ., მოსავალი).

მკმენელაჸი
ნ. მკბილავი.

მლაშება
თ. მზადება. ვემლაშები თ. ვემზადები (ტანთ ვიცვამ); ვამლაშებ თ. ვამზადებ. დავამლაშე თ. დავამზადე, მოვემზადე. ვერ დეჸემლაშია?

მლიავება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მელია ამლიავებს კუდსა“. ამლიაებს ჴ. ანძრევს (ქარი, წყალი).

მოანდევება
ნ. ანდე (1).

მობოჭნვა
მობოჭნე მთ. (მოხევის სიტყვით) მობოჭე, მოაგროვე.

მობოხრვა, მაიბოხრა
ნ. ბოხრვა.

მოგება
მაიგო ფშ., მთ., ეყოლა, გაუჩნდა მოჴ. ეყოლა. გაუჩინდა ჴ., თ. იგივე. მოგებული გუდ. რომელმაც მოიგო.

მოდგამე, მოდგამეები
გუთნის დედისა, ღამისა და დღის მეხრეებისა და სხვებისაგან შემდგარი პატარა ამხანაგობის წევრი („ჩვენებური გუთნის წესები“, „დროება“, 1884, № 73).

მოდენა
მოგდის ფშ., ჴ., თ., გუდ., მოჴ. გესმის, რ მოგდისა არ გესმის? (მიმართვა ქმრისა ცოლისადმი). მომედინა მომესმა, გავიგონე. მოდენილან მოდიოდნენ თურმე.

მოდენილან
ნ. მოდენა.

მოეს
ჴ. აქეთობას (აღმა სვლის დროს). ნ. ჩაეს. მოის თ. მოსვლაში.

მოვნე
მოჴ. მავნე, ეშმაკი (ყ. 154,19; 766,17). მოვნე-დაცემული (ყ. 597,1), ჴ. გაგიჟებული, გადალაჴული, გადარეული.

მოზდევნე
ჴ. მოხურე, ნ. მიზდევნე.

მოზელა
გუდ., მთ., მოჴ., თ. ნ. ზელა.

მოზვერვა
„აიღო მან ხმალი, ხელში მოზვერა... სწრაფად მოზვერეს ერთმანეთი“ (მებრძოლებმა). (ლ. ბალიაური, „ბუსკაის მწკალი“, „ლიტ. საქ.“, 20.7.1939).

მოზვერი
ნ. ძროხა.

მოზიკვა
ნ. ზიკ (2).

მოზმანება
თ. მომეზმანა თ. მომეჩვენა. ნ. ზმანება.

მოთავისე
ფშ., მოჴ., მოთავისი მთ., მეთავისე ჴ., მოთავისიაჸი თ. თავისიანი, ნათესავი. „სიყვარული ვისაც აქვს ერთმანეთთან“ (მთ.).

მოთავჴელება
თ. საქმის მოგვარება. ნ. თავჴელება.

მოთვლა
ნ. თვლა.

მოთრევა
ჴორჴი: „შიგ მაათრია წვერი“ – შიგ ამოავლო წვერი.

მოის
ნ. მოეს.

მოკვეთა
მთ., ფშ., ჴ., თ. თემიდან გაძევება („ივერია“, 1887, № 8). მოკვეთილი თემიდან გაძევებული.

მოკვერაი
მთ. ნ. მაკვერი.

მოკლება
(1), წაკლება თ.: მოვიკლე თ. მოვიგე. წავიკლე თ. წავაგე. წამიკლო თ. მომიგო. წავუკლე თ. მოვუგე, წაგიკლე თ. მოგიგე. ნ. მოწუყვა.

მოკლება
(2): მო(ვ)იკლე ფშ. მოწეული ჭირნახული შინ მოვიტანე.

მოკმენჩა, მოკმეჭა
მოვხკმიჭე ჴ., მოვ(ჰ)კმინჩე ფშ. მოვკბიჩე.

მოკრეფა
მთ., გუდ. (ყ. 186,4) დაწევა, მიწევა.

მოკრეფა
გუდ. მოკლე გზით მიწევა.

მოკრუტება
ნ. კრუტი.

მოკუნჭვა
გუდ.ნ. მიკუნჭვა.

მოკუპვა
პირ-მოკუპული (ყ. 14,1 ქვ.) პირ-მოკუმშული, პირ-დამუწული.

მოკუჟვა
(ყ. 454,5) მოჭუტვა(?). მოკუჟული (ყ. 619,5 ქვ.).

მოლალვა
ჴ., ფშ. მოგერება. მოილალავ მოიგერიებ (ძაღლს). ნ. ლალვა.

მოლაჴვა
გუდ., ფშ., ჴ. მორევა სახლისა მშობიარობისა და დედათა წესის დროს.

მომავალი
მთ. ჩამომავლობა.

მომარჴება
ჴ. მისამძიმრება.

მომდე
ჴ. ნ. გულის მომდე.

მომეტე
თ. მჯობი, გამორჩეული, უკეთესი, განსაკუთრებით მოჭიდავე ფალავანი მტერთან შეტაკების დროს.

მომზვლევა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მოხეთქა ადგილისა, ჩამოზვავება“. მართალიაო, მიმიწერია. მომზღვლევა მოჴ., ნამზღვლევი მოჴ., ნა(მ)ზღლოვი მთ., ნაზლობი თ. ნამეწყრალი.

მომთაბარე
ნ. მთაბარობა.

მომწაული
ჴ. სამწავე.

მონა
მთ. ჴ., თ. (დრო, კაცი, დროობაი) ცუდი, უფერი. „მონა დროობა დაგვიდგა“ (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 205), ყროლი ფშ. „მონა არ დაგცემს ცხვირსაო“ – ცუდი საქმე არ მოგივაო (ბეს.).

მონაგებარი
მთ. შეძენილი; თესლზე ამოსული; ნაშობი (საქონელმა რომ მოიგო), ნაშრომი მოჴ.

მონამგლე, მონამგლეობა
ნ. ნამგალა, ნამგლობა.

მონანული
სამონანულო ნ. ხარჯი.

მონდავი
(1) ფშ., ჴ. მომდგომი, შეამხანაგებული (ხარით ხვნის დროს). ნ. მანდოვი.

მონდავი
(2) თ. მაზლის ცოლი. მონდავები თ. შილები, ძმათა ცოლები.

მონელება
ჴ.: მოუნელები ჴ. (გადატანით) მოუკლავი. კაცი მოუნელები ვერ გადაურჩების (ჴ. მას.).

მორე
თ. მორევი. ნ. სრუნტი.

მორევა
ნ. მოლაჴვა.

მორთულობა
ნ. კმაზულობა.

მორი
ნ. მამრი.

მორიგე
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „ღმერთი ცისა და ქვეყნის გამრიგებელი, წესისა და რიგის მიმცემი“. მორიგე თ. ღვთის ეპითეტია. „ღმერთ-მორიგემ დამიწერა“ (თ.). ნ. მერიგე. ხატის მორიგენი ჴ. ხატის მსახურნი (ხუცესი, მედროშაე, მეკოდე, მაგანძური, დასტური). (ჴ. მას.).

მორიდება
ნ. რიდება, მარი.

მოსანთლე
(ხშირად), დეკანოზი (იშვ.) მთ., ხუცესი ჴ., ჴევისბერი ფშ., ჴელოსანი თ.

მოსართავი
თ. იგივეა, რაც გარსაკრი ფშ. (ნ.). მოსართავი მთ. თასმისა არის, ქარშიკი – შალისა, მოქსოვილი.

მოსასხამი
ჴ. ნ. სამწავე (1).

მოსახილებელი
ნ. მოხილება.

მოსელი
მთ., ხე მოჴ., ჴ., შოლტი ფშ., ჴიდი თ. კოჭი (დირე სახლზე).

მოსკორვა
თ., მოსკორილი ნ. სკორე, შეპატიება.

მოფსუტვა
თ. ნ. ფსუტი.

მოქანჩვა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., თ., ჴ. მოჭერა, მაგრად შეკვრა ქანჩით (ქანჩი თოკის მოსაჭერი ჯოხი). „მოვქანჩე ელვებრ მფრენიო“ (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 89) მაგრად მოვსწიე, მოვზიდე.

მოქასურება
ფშ., გუდ., მთ., მოჴ. (ყ. 885,10 ქვ.) პირფერობა, პირმოთნეობით ლაპარაკი.

მოქრიახე
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დაუდგრომელი“.

მოქცევა, ქცევა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. რომელიმე კილოზე ლაპარაკი: ფშაურად უქცევს – ფშაურად ლაპარაკობს, ჴევსურულად უქცევს – ჴევსურულ კილოზე ლაპარაკობს. მოქცევა, მოქცეულობა კილო.

მოღომლება
ნ. ღომელი.

მოყენება
მოაყენე კარები. ნ. მიყენება.

მოყმე
თ. ჭაბუკი. ნ. საყმო. რა კარგაჸ ხარი, მოყმეო, / ჩვენიმცე სოფლელ იყვიდი! / გან დედა გაგიჯავრდება, / ხანდახანა-ღ ჩამოგვიხვიდი (თ.).

მოყურიადე
გუდ., ფშ., ჴ. (ვაჟა, 194,4 ქვ.) ჩუმად ყურის მგდებელი.

მოშ-ი
ჴ. „ორითავ ჴელებით აღებული იღლიით თივა ან სხვა რამე: „თითო მოშ თივაიც რო მისცათ, ისიც კაი ას, გაჭირებულ კაცი ას“ (ჴ. მას.). მოშვა: „ქალს მოშავს ქალს რო ორთავ ჴელს შამახვევს და შამაიხვევს გულზე“ (ბეს.).

მოშამშნული
ფშ. თავის თავისთვის უხეირო. ქონება აქვს და ჩაცმა-დახურვის შნო არა აქვს; ვერც ჭამს და ვერც სვამს შნოზე. გუდ. დაუგველი, მთ. უსუფთაო სახლი, სანამ გამოუგვებოდეს. თ. იგივე.

მოჩივლება
ჴ. წყენა, დამდურება. „არ მომიჩივლდ“ (ჴ.) ნ. ჩივილი.

მოცალო
მთ. ნ. მაცალო.

მოცნიარი
მოჴ. მეცნიერი, ბრძენი.

მოწაღმართე ანგელოზი
ჴ. ანგელოზი, რომელიც წაღმა გზით უძღვის (ჴ. მას.) ნ. ხთის იასაული.

მოწევარი
მოჴ. კაცი, რომელსაც აგზავნიან სტუმრის მოსაწვევად. ნ. მაწევარი.

მოწვერვა
(1) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ყანის მაღლა მომკა“, მთ. იგივე, მოჴ. კვრენცა. ბიჭი უნდა ვაჟი კაცი, / ყანა მაღლა მოწვეროსო, / ეგრე მოკლას პატარძალი, / ფური ვეღარ მოწველოსო (მთ.).

მოწვერვა
(2) ფშ. თივისა და ძნის თავის გაკეთება. შეწვერვა თ. იგივე.

მოწკეპა
მოჴ. (წყვეტ. მოწკიპა) სახრით ცემა.

მოწუყვა
მავსწუყე, მავიწუყე ჴ. მოვიგე. ნ. კოჭაობა. მოსაწუყად (ბაჩანა, „დრ.“ 18) მოსაგებად, ჩამოსაგდებად (მშვიდობიანობაზეა საუბარი). ნ. მოკლება (1).

მოჭუჭკვა
მთ. ნ. მიჭუჭკვა.

მოხილება
გუდ. ცნობისმოყვარეობა. სახილებელი ჴ., ფშ., მოსახილებელი თ. ცნობისმოყვარეობის ღირსი.

მოხოული
მთ. ნ. ხვეული ქადა.

მოხურაი
ჴ. (არხ.) საკალოე ვარსკვლავია (მოხე მთაა არხოტში, სადაც ეს ვარსკვლავი ამოდის).

მოჴელვა
ჴ., ფშ. (ბაჩანა, „დრ.“, 57) მთ. პოვნა. „იმერელმა რკინა მოჴელა და: ღმერთო, სარკინეთი დააქციეო“ (ანდაზა, ჴორჴში გაგონილი).

მოჴეჴრება
ფშ. მოვაჴევროთ ნ. ჴეჴერა.

მოჴნეველა, საჴნეველა
მოჴ. ვარსკვლავია. ხვნის დროს ამოდის, შაღამოს ჩაბრძანდებაო.

მოჴნია
(1) გუდ., მთ. მოჴევე (დაცინვის კილოთი ეძახიანო). გუდამაყრელმა: ძველად ვეძახდით ასეო. მოჴნია ჴ. (ყ. 596 მოხნია) მოჴევე (ხევსურის სიტყვები მოჰყავს). (მოხნია ყ. 689,6 ქვ. და 17 ქვ.) მოჴევე (აქ ოსი უწოდებს).

მოჴნია
(2) მთ., მოჴნავი (მოჴნავაი), მოჴნეველა მოჴ., საჴნაურა ჴ. (შატ.), საჴნუელა ფშ., საჴნავა ჩიტი თ., ჴარწინა გუდ., ურნატა ჴ. გუთნის ჩიტია. ლეგა ჩიტია, ნახნავში დადის და ჭიებს ეძებს.

მოჯალაფეთი, მოჯალაფენი
ფშ. ეშმაკების ერთი დასი (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 205). ნ. მეჯალაფე.

მოჯეყვა
ჴ. (ბაკურჴ.): მოჲჯეყა (ასეა! ბაკურჴ.) „ცოტა კიცვ რო იქნების და სამგზავროს წავიყვანთ, დაიძალების და აღარ გაიზრდების, მოჯეყვას იმას ვეძახთ“. ნაკი დარჩაო მთ., დაჩაგრული მოჴ.

მოჯრა
ნ. მიჯრა.

მჟავანა
ფშ., მჟავია თ. ორივე ჯიშისა: მჟავია (მჟაუნა) და ლახტარა. მჟავია ერთია და ლახტარა სხვა. „ჰგავს, მაგრამ თავ-თავადიაო“ მითხრეს (მგონია, თუშეთში).

მჟაველა
მთ., მოჴ. მჟაუნა (მაღალი ბალახია). ლახ-ტარა ჴ. მჟავია მჟაველა არ არის. მჟაველას ხევსურები ლახტარას ეძახიან.

მრავალა, მრავალანი
ჴორჴი, ფშ., მრავალანი, მრაველანი ჴ., მრევალანი გუდ., მთ., მრავალაჸი თ. ხომლი. ჭყონიას მრავლიანი შეცდომაა, ისე როგორც მისი რუსული თარგმანი: „შვიდნი ვარსკვლავნი“. გადმოვიდეს მრავალნი, / გადმოხედეს ჴადასო: / თავ-თავის თავს გაურიგეთ, / ნუ არიგებთ სხოთასაო (ჴორჴი). შენიშვნა: ჴადა ხეობაა მთიულეთში. გაურიგეთ] ვარიანტია გაურჩივეთ.

მრევალანი
გუდ., მთ., ნ. მრავალნი.

მრეზა, აიმრიზა
მთ. ნ. ბრეშა, მრეშა.

მრეშა
მთ., ბრეშა ჴ., ფშ. იმრიშება მთ., იბრიშების ჴ. უბღვერს, ცუდი თვალით უყურებს. იბრიშება ფშ. იგივე.

მრეცხელი
(დედაკაცი) ჴ., თ. მებოსლე დედაკაცი (სანამ თვიური აქვს).

მრისხალ
სამრისხალოდ. ნ. რისხ.

მრძევანაი
მთ., მოჴ. ბალახია. ნ. სარძეველაი.

მსვენი
თ. ნ. აღვარტი.

მსივანაჸი
თ. ბუტია, წუნია, მგუანი.

მსხეპრი
ჴ., თ. ნ. მშხეპრი.

მტავრო
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მუჭა“. ნ. ტავროი.

მტკივონაი
ჴ.., ფშ. მუწუკია ერთნაირი (ძირ-დიდა და პირ-ქვეითი სხვებია კიდევ).

მტკრეცა
ნ. ამტკრეცა, ატკრეცა.

მტყობიები
ჴ. ვისიმე გარდაცვალების ამბის შემტყობინებელი სოფლად, გამგებინებელი.

მუკუდო
მთ. „კანკეშას ეძახიან გუდამაყარში“ (მთ.), კენკეშა ჴ., ფშ.

მურგვალი
ჴ. მრგვალი ნ. გურგალი.

მურდალი
მურტალი (სპ. მურდრ) გუდ, მთ., მოჴ, ჴ., თ. უდანოდ მკვდარი, დაუკლავად. ფშ. (რა.ზ-ჭყ.) „ღრძუ კაცი“ „მკვდარი უზიარებლად, ან იმგვარი შემთხვევით მკვდარი, რომელსაც იარაღით ჭჭრილობა არა აქვს“ (ყ. 27, შენიშვნა). აქედან: გამურტლა (ყ. 75,14) წაბილწა.

მურვილი
ჴ. (ბაკურჴ.), მთ. ნ. ჴაწირი.

მურო-ბალახი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბალახი წმინდა, ქალის თმასავით დავარცხნილი“. ურო ფშ. „ურო კი გამიგონია: ქუჩა ბალახია, მაღალი ბალახია, მსხვილ-ფეჴა. საქართველოში (=ქართლში) და ყიზლარში იზრდება“ (მთ.). „ურო ჩაჩანში იცის“ (მოჴ.) და მტკვრის მარცხენა მხარეს ქალაქიდან მცხეთამდე, აგრეთვე შირაქში. ურო თ.

მურღვა
ფშ. ნ. მირღვა.

მუსხუტელა
თ., მუსხუტერაჸი თ. შვრიის ფაფა, ხუტარი ჴ. (ნ.).

მუქარა
(არაბ.): ემუქარების ჴ., ემუქრება. დამემუქარნეს ჴ., მუქარას მთხოვენ მემუქრებიან, მუქარის დათხოვა დამუქრება (ჴ. მას.).

მუღალარი
თ., უღალარი მრავალი, უხვი, უღარალი ფშ. იგივე.

მუში
ფშ., ჴ., თ. ცაცხვის ტოტებისაგან გახდილი კანი. კანფის ნაცვლად ხმარობენ: ავშრის ნაცვლად ცხენისა და ჯორის ცხვირზე ჩამოსადებად. ლაფანი მთ., ბოყონიკა ჴ. (შატ.). მუშისას თოკებს აკეთებენ. სამუშარა ფშ. ცაცხვის ტოტი მუშის გასახდელად. „ცაცხვის ხეს ქერქსა და ნედლ კანს აცლიდნენ, გაცლილ კანს მუში ეწოდება“ (ჩაჩ. 25).

მუცელი
ნ. გულ-მუცელი.

მუხ-შავი
ნ. მუჴ(ლ)-შავი.

მუჴ(ლ)-საფარა
თ., ყულანა მოჴ., ფეშტემალი, ფაშტამალა ფშ. წინსაფარი.

მუჴ(ლ)-შავი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წყევლაა“. მოჴ. იგივე (მძიმედ მოსიარულეს დასწყევლიან: შე მუჴლ-შავო, შენ შავო! სადა ხარ ამდენ ხანს, შენ მუჴლ-შავო?).

მუჴლის კვერი
ფშ., ჴ., თ. (ყ. 139,6), მუჴლის ფარდა ჴ., მუჴლის საფარი თ., კვისტავი მთ., ფშ., კვიშტავი მოჴ., ჴ. (შატ.), კუშტავი თ. მუხლის თავი, მუხლის თავზე მბრუნავი ძვალი.

მუჯა
ჴ. მლაშე, მადნეული წყალი, რომლითაც პურს ზელენ ხევსურეთში. ხევსურეთში ბევრია ასეთი წყალი (ხორნაულთა, ქმოსტი). ხევსურები ზოგან მუჯას ვეძისაგან თითქო ვერ არჩევენ. აბა გიგაური (ბლოელი) მარწმუნებს, რომ სასმელად მუჯა სჯობსო, ხორნაულთაში მუჯა არის, სმენ, იმაზე უკეთესი არსად არისო. იმავე აბა გიგაურის სიტყვით, ვეძა მლაშეა, ზოგს რკინის სუნი უდის. ჴაჴმატსა, ბისოსა და ლიქოკში პურს ვეძით ზელენო. მუჯა ძალიან მლაშეა. მას ადუღებენ და მარილს აკეთებენ, რომელსაც წამლად ხმარობენ შეციებული საქონლისთვის (არ მიწერია, სად). გუდამაყრელმა: კარგი სასმელი ვეძაა. თუ არ ისმება და საქონელი სვამს, მუჯააო. მუჯა მლაშეა და ფრინველი და საქონელი იმიტომ ეტანებაო. ხევსურეთის სოფლებში: ჴაჴმატში, როშკაში, ბაცალიგოში, ლიქოკში დაბალი ხარისხის ვეძაა, დასალევად არ ხმარობენ, მხოლოდ ბანაობენო. ფშავში მუჯის წყარო არ არისო. მხოლოდ კლდიდან კი ბევრგან წვეთსო. მას შველი და სხვა ნადირი და ფრინველი (მაგ., ქედანი) ძალიან ეტანება. მონადირეებმა კარგად იციან ასეთი ადგილებიო. ფშავის გომეწრელისთვის (გომეწარი თუშეთშიც არის) მუჯა და ვეძა ერთია. მუჯა მოჴევეებისთვის ვეძის მსგავსი მადნეული წყალია, რომელიც სასმელად არ ვარგა. ვეძა ფშ. მლაშე წყალი. ნ. ვეძა. როგორც არ მიმოხილვიდანაც ჩანს, მუჯა და ვეძა ყველგან ერთნაირად არ ესმით ფშავ-ხევსურეთში.

მქანე
ფშ., პევში გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. პევშა მოჴ. ორივე ხელი ერთად მიდებული და თითები ოდნავ მოხრილი (წყლისა და სხვა რამის ასაღებად). შდრ. ტავრო.

მქვისელი
ჴ., ფშ. ქვისელი, ქვისლი.

მქისე
(1) ჴ. მარდი, ფიცხი.

მქისე
(2) თ. მსხვილი და მოკლე ბეწვი მატყლისა.

მქრევა
ნ. იმქრეოდა.

მღდელი
(იშვიათად მღრდელი) მოჴ., ჴ., ღვდელი თ. მღვდელი. მღდლის უქმი ჴ. საეკლესიო უქმი (ათორმეტთაგანი). დიდი მღდელი მთ. (მოხევის სიტყვით) ეპისკოპოსი. ნ. ღმრდელი. „ჟიჟიანთ ერთი ვარცლი აქვთ, / გამთლელის ჴელი სწერია. / დიდმა მღდელმა ჩაასკორა, / შიგ მაათრია წვერია“ (მოჴ.).

მღე
ფშ., ჴ., თ. ღია. „ზოგისა კარი დაჯარა, / ზოგისა ისივ მღე არი“ (ჴ.).

მღერ
ამაამღერა გუდ., ჴ., თ. ამოათამაშა (ჴმალი, ხანჯარი, მათრაჴი).

მღერკლე
ნ. მღირკლე.

მღვივე
გუდ., მთ. ნ. მირღვა.

მღილი
გუდ., მთ. კრკილი, ჩრჩილი.

მღირკლე
ფშ. (რაზ.) ოდნავ გაღებული კარი. მღერკლე ჴ., თ.

მღრდელი
ნ. მღდელი.

მყავრ
ნ. გამყავრებული.

მყარ
ნ. გამყარებული.

მყევართ-კუსაი, მყვართ-კუსა, მყორთ-კუსა
ჴ. (არხ.) ნ. დათვის ქაჩქაჩა, კუსკუსელა. მყვართ კუსა ჴ. პატარაა, გაიზრდება და – საბრმობელა ჴ.

მყეფარი
ძაღლი (მორიდებულ საუბარში), ოთხფეჴი იგივე.

მყვარი
ჴ., ყვარტი თ. ბაყაყი, ყოტი, ბაყოტი ფშ. გომფაშო. ნ. საბაყაყე.

მყივანა ჴველა
მთ., მოჴ., ფშ., ყივანა ჴველა.

მყინვარი შაქარი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. შაქარყინული, ყანდი.

მყოლი
ჴ. მაყარი, მყოლნი ჴ. მაყრები.

მყრალა
თ. მტრედის ოდენა ფრინველია, ლურჯია, გაზაფხულზე მოდის.

მყუის, მყუოდის
ნ. ყუილი.

მშავი
ჴ. ფშავი, მშაველი ჴ. ფშაველი. მშავლის შვილები ჴ. ფშავლები.

მშვიდობა-ამბავი
ჴ. ერთი-მეორის ამბის გამოკითხვა მისალმების დროს (ჴ. მას.).

მშვილდ-ისარანი
ჴ., მარიამის სარტყელი გუდ., მთ., მოჴ., თით-ბეჭედა თ. ცისარტყელა.

მშვილდი
ჴ., შვილდი (არ მიწერია, სად), ფშვინდი თ. ა) მშვილდი, ბ) ვილონოს ხმები., смычок.

მშრალ-ი (ცხვარი)
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ცხვარი, რომელიც არ იწველება.

მშრალა
ნ. ჟანტა-მშრალა.

მშხეპრი (წვიმა)
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დელგმა“, ძლიერი წვიმა. მსხეპრი ჴ., თ. იგივე (ქარით რომ მოვა და ჩქარა გადაიღებს). შხაპი წვიმა თ. იგივე. ნ. სხვეპრი, შხეპი.

მჩვენ
ნ. გამჩვენეობა.

მჩორე
ჴ., თ., მჩორო გუდ. ცხენის ნეხვი, ჩონჩორიკი. „მჩორო დათვისა არი, ცხენისა – ჩონჩორი(კი)“ (მთ., მოჴ.).

მც
ჴ., ფშ. ნატვრის გამომხატველი ნაწილაკია: ჴორწილიმც ნუ მაგეშლებისავ! (ჴ. მას.).

მცურავი: მცურავი ჯაჭვი
ჴ. ჯაჭვი, რომელიც, თუ არ აცვია კაცს, ან არ არის მიბმული რაზედმე, დაცურდება და წავა (ჴ. მას.).

მცხრალი (მთვარე)
(ბაჩანა „დრ.“) „სავსე, ბადრი“ (ჰო, ასეა!). ნამდვილად ნიშნავს დალეულს და არა სავსეს. ნ. მთორე.

მძაჴე
ჴ., თ. მძაღე. დამძაჴებული (ერბო, ყველი) გუდ., მთ., მოჴ. „სუნიც უდის, ერბო გადაიწმინდება (ერბოს გადაადუღებენ და პერად მაიყრის, რაც გაფუჭებულია, მააცლიან) და ყველს არა ეშველება რა“ (გუდ.). მჯაჴე ჴ.

მძაჴველი
მთ., ფშ., ალუდაი ჴ. მცენარეა.

მძეჴვი
ფშ., შიგნითაჸი თ. ძეხვი.

მძივი
ნ. გუგულის მძივი.

მძიმე
მძიმე მდევარი ჴ. მრავალი მდევარი; მძიმე ჯარი ჴ. მრავალ-რიცხოვანი ჯარი; მძიმე საჴსარი ჴ. დიდი სახსარი (ჴ. მას.).

მძლევარი
ჴ., თ. საზამთროდ თბილ ქვეყანაში მიმდინარი ფრინველი (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 205). პურის ჭამა უნდა დილით, რომ არ დასძლიოსო. მძლევრებია მთაში: ჴარ-წინა, გუგული და მერცხალი (გუგული, მერცხალი, საჴნაურა). ბუჭყია მიმტკიცებდა: მერცხალი უსწრებს გუგულსაო.

მძორი
მთ., მოჴ. ზარმაცი ნ. მძული.

მძრომელაი
ჴ. (არხ.), ბურნითაი (იქვე) ჩიტია.

მძული
ფშ., გუდ., ჴ. ზარმაცი (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 205). მძული, მძორი მთ.

მძნობს, მძუვნობს
მთ., მძუნაობა მოჴ. ნ. ზუნაობა.

მწერალი, წერა-მწერალი
ჴორ., მთ., მწერელი, წერა-მწერელი გუდ., ფშ., მოჴ., ჴ., თ. ვის განკარგულებაშიც არის ჩვენი სვე-ბედი. წარმოდგენილი აქვთ ავ სულად, ბოროტად, სულთამხუთავად. „მწერალს აუტანიხარ“! „რა მწერალმა აგაგდო“? სიკვდილის მნიშვნელობა აქვსო, მიმიწერია.

მწერელ(თ)-ტყვეი
თ. ნ. მწერელთ-შვილი.

მწერელთ შვილი
(გამოითქმის მწერელ-ჩვილი) გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. მწერელ(თ)ტყვე თ. ბეჩავი, უთავბოლო, უგუნური. ერთი ფშაველი მიმტიცებდა, რომ ხევსურებმა „მწერელ(თ)-ტყვეი“ იციანო, მაგრამ მწერელთშვილი ხევსურეთშიც მაქვს გაგონილი. როცა მე ვიკითხე, რას ნიშნავს-მეთქი, კინაღამ ჩხუბი ატყდა ჩემს მოსაუბრე ხევსურსა და ერთს კარგა მოსულ ხევსურს შორის, რომლის მიმართ ითქვა ეს სიტყვა. მან იწყინა და დაემუქრა: გაგა-ორ მია, გგაი“. – მიაც გიგია-ორ, იყო პასუხი.

მწვავი
ჴ., თ., ფშ. (იშვ.) ცხელი (საპირისპიროა გრილი). გაამწვავე გააცხელე. ეგ მწვავ, კაცო არს დაზჯდე (ჴ.).

მწვანილი, მწვანილნი
ჴ. გაზაფხულზე ახალ-წამოზრდილი ბალახი. ნორჩი ჴ. შემოდგომის ბალახი. აქვიტი თ. ქორფა ბალახი საზოგადოდ.

მწვირე
ნ. მწურე.

მწივანა
ფშ. (?) ნამგალა (ფრინველი). ნ. ნამგალა, კილდის მერცხალიკა (მერცხალიკასთან).

მწკა
თ. აფსკა, ტვინის ქერქი. ნ. სკა.

მწკალი
ფშ., ჴ., თ. ბრჭყალი (ცხოველისა), კლანჭი (ფრინვლისა). აქედან მწკლიანი. ბუსკაის მწკალი – ასეთი სათაური აქვს ლ. ბალიაურის მოთხრობას, სადაც ციხეზე მიკრულ ბუსკას ხელზე არის საუბარი („ლიტ. საქ.“, 20.7.1939). ნ. ბრჯღალი.

მწკენტავს
ნ. წკენტვა.

მწკერი
ჴ. მზის შუქისაგან აბრჭყვიალებული ზედაპირი რისამე.

მწკლაპუნი
ყ. 307,7.

მწკრე
თ., მწკრივი ფშ., მწკრივი.

მწოლელა
ფშ., დახჭირობელა მოჴ., თებჟორიკა თ. მაჯლაჯუნა.

მწურე
ჴორ., ჴ., თ. ძორხის ფსელი. მწვირე გუდ., მთ., მოჴ., მწურე ჴ. შარდი (საქონლისა ან ადამიანისა) და შარდნარევი მიწა (ჩაჩ. 30). ძროხის მწვირით თავს იბანენ ქალები. მწვირე დავიჭირეო.

მწუხ
თვალს იმწუხავს ჴ. თვალს ხუჭავს.

მწუხრი
ნ. წუხრა.

მწყერთ-იფქლა
ფშ., მწყერთ-ქეფლა ზ. ფშ., ხახამა მოჴ., სტომი თ. წითელი ხილია, მოცვის ოდენა მარცვლები აქვს.

მწყვილი
ფშ. ნ. წყვილი.

მწყრომელი
ფშ. ნ. მგუანი, წყრომა.

მწყურიელა
ჴ. ნაყოფი სარცხისა (სარცხა ჴ., საწურავა მოჴ. მცენარეა), კეწარაჸი თ.

მჭადა
ფშ. თხილისა, კაკლისა და მურყნის მოსხმული რაღაც გაზაფხულზე (არც ნაყოფია, არც ყვავილი).

მჭადა
მთ. (შონჩო) იგივე, რაც ამპურა.

მჭეხარი
ჴ., დამჭეხნებელი ჴ. (ჴ. მას.),.

მჭივანა
ფშ., ჴ., თ. ბალახია, მხლად ვარგა (მზივანა კიდევ სხვაა).

მჭლეური
მთ. ნ. მაჭლეური.

მჭრელი
მთ. თაგგვის ეპითეტია. თაგვმა დაჭრაო კი ვიცით (მოჴ.). მჭრელი ჴ. თაგვი, კალია, მყევარი, ჩიტიც კი, ფშ. იგივე. მჭრელი თ. თაგვი, კალია, ჩრჩილი. მჭრელი ფშ. თაგვი და ერთგვარი მიწის ჭია, რომელიც ძირს უჭრის მცენარეულობას.

მხვევრა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ამხვევი მცენარენი“. მხვევარა მთ., ჴ. ბალახია, ყანაში გაებმის ლობიოსავით. ხვეურა თ. იგივე.

მხვივანი
(ქარი) ნ. ხვივალი.

მხვრიშე
მთ., მოჴ., ნ. ხრიში.

მხლებელი
თ. (წინათ), ნარევი ჴ. მკვდრის დამმარხველი (წინათ). ნ. ნარევი.

მხლიანი ქადის კვერი
ჴ. ნ. მხლოვანი.

მხლოვანი, მხლოვანაი
მთ., მოჴ. მხლის ხაჭაპური (მხალს დასჭრიან ერბო გაერევა და პურს ქერქად მოაკვრენ).

მჴარ-ი
(1) თ., ფშ. ხელის ნაწილი იდაყვიდან ბეჭამდე. ნ. მკლავი. მარჯვნივ აართვა მჴარია ჴ. მარჯვნივ მოუარა.

მჴარ-ი
(2) მთ., მოჴ., ჴ., თ. გუთნის კავი. გურიაში (მაგ., საჯავახოში) მას ხარისწარახს (ე. ი. „ხარის იარაღს“ ეძახიან).

მჴარ-ი
(3) თ: წინა მჴარი თ. ალაზნის ხეობა, შიგნით კახეთი; უკანა მჴარი თ. ივრის ხეობა, გარეთ კახეთი.

მჴარ-კაბარჭა
ჴ., თ. მჴარ-ჭრელი ჩიტია. ჭრელა ჴ. იგივე.

მჴარ-კვერიანი
ფშ., ჴ., თ. არწივის ჯიშია. მხრებზე თეთრი კვერები აქვს. მეტად მეომარი არწივია.

მჴარ-სალიპლიპა
ჴ. (არხ.) ფრინველია.

მჴარო
ნ. მჴარე (ჴ. მას.)

მჴედარი
მოჴ. ნ. კორჯოხობა.

მჴრეული
მთ., მოჴ. ერთი სვე სათიბში.

მჴრის უღელი
ჴ., ფშ., ჭიღვი ფშ., თ., ჭიღო მოჴ. მხრის სახსარი (ბეჭს რომ ებმის).

მჯაჴე
ჴ. ნ. მძახე.

მჯიღი
ჴ. მუჭი, ცალი ხელი (რისამე ასაღებად, დასაჭერად); მუშტი. ნ. ტავრო.

აკაკი შანიძე, მთის კილოთა ლექსიკონი

ლექსიკონში შესულია ის სიტყვები და განმარტებები, რომელიც ავტორმა მოიპოვა 1911 და 1913 წლებში ჩატარებული მივლინებების დროს.

აკაკი შანიძე, თხზულებანი, ტ. 1, თბილისი, 1984 წ.

ელექტრო ვერსია მოამზადა მანანა ბუკიამ

Don`t copy text!